პარლამენტში უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში უმცირესობაც იშლება

პარლამენტში უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში უმცირესობაც იშლება

პარლამენტში უმრავლესობის დაშლის შემთხვევაში იშლება უმცირესობაც, რადგან უმცირესობა მხოლოდ უმრავლესობის ფორმირების შემთხვევაში შეიძლება არსებოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ფრაქციაში, ფრაქციათა ჯგუფში ან დამოუკიდებელ დეპუტატთა სახით ერთიანდება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი – ანუ პარლამენტის სულ მცირე 76 წევრი. სწორედ ამის შემდგომ იქმნება უმცირესობა, სადაც უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატთა სულ მცირე ნახევარი მაინც უნდა იყოს გაერთიანებული.

ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" უმრავლესობიდან სრული შემადგენლობით გასვლის შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა იშლება და ავტომატურად იშლება უმცირესობაც. თუკი "ქართული ოცნება" უმრავლესობის შენარჩუნებას ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ცალკეული წევრების მათ რიგებში დარჩენაზე დაყოლიების ან ე.წ. დამოუკიდებელ მაჟორიტარებთან გაერთიანების გზით შეძლებს, ასეთ შემთხვევაში შენარჩუნდება უმცირესობაც და ის შენარჩუნდება "ნაციონალური მოძრაობის" უმცირესობის სახით, რადგან "თავისუფალ დემოკრატებს" დღევანდელი მოცემულობით, ახალი უმცირესობის შექმნის რესურსი არ გააჩნიათ.

პარლამენტში მოვლენების ამ მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ახალი უმცირესობის შესაქმნელად სულ მცირე 38 დეპუტატის ერთობა იქნება საჭირო. "თავისუფალმა დემოკრატებმა" ამ საქმეში პარლამენტის დამოუკიდებელ წევრებთან რომც ითანამშრომლონ, მათი საერთო რესურსი ახალი უმცირესობის შესაქმნელად საკმარისი არ იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში 51 დეპუტატს აერთიანებს, "თავისუფალი დემოკრატების" და დამოუკიდებელი დეპუტატების მაქსიმალური რაოდენობა კი 26 კაცია.