„რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში რჩება

„რესპუბლიკური პარტია“ კოალიციაში რჩება

განცხადება ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ხათუნა სამნიძის თქმით, „თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილება კოალიციისთვის დიდი დანაკლისია

მისივე თქმით, „რესპუბლიკელებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ თანამშრომლობა გაგრძელდება.

„თავისუფალ დემოკრატებთან“ ჩვენ დიდი ხანია, ვთანამშრომლობთ და ძალიან ბევრი გადაწყვეტილება მიგვიღია ერთად. რომელიმე საკითხზე მათთან არსობრივი დაპირისპირება არ გვქონია. ამ ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენ მყარად ვართ წარმოდგენილნი პარლამენტში. ჩვენ ვრჩებით კოალიციაში და ყველა სხვა საკითხზე თუ პრობლემაზე ვაპირებთ კოალიციაში მსჯელობას“, - განაცხადა სამნიძემ და აღნიშნა, რომ მსჯელობის საგნებს შორის იქნება ის საკითხი, რომელიც „რესპუბლიკურმა პარტიამ“ რამდენიმე დღის უკან დააყენა და კოალიციის მოდელზე, არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„დღეს ამაზეც ვისაუბრეთ, რომ უახლოეს დღეებში კოალიციის შიგნით ეს თემები გაიხსნება. ვიმსჯელებთ მოდელებზე. ამ საკითხებზე მანამდე რომ გვემსჯელა, დარწმუნებული ვარ, იმ ტიპის კრიზისი, რაც კოალიციაში დღეს იყო, არ იქნებოდა“, - განაცხადა სამნიძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს დღეს ხელისუფლებაში ალტერნატივა არ აქვს.