შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" აშკარად გამოკვეთილი საზოგადო ლიდერია.
როგორც ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მართალია, ბიძინა ივანიშვილი კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომას ესწრებოდა, თუმცა ამ შეკრებას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არ ჰქონია.
"ბიძინა ივანიშვილი ჩართული იყო საუბარში, თავის მოსაზრებას გამოთქვამდა, კამათში ერთვებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ის არის აშკარად გამოკვეთილი საზოგადო ლიდერი "ქართული ოცნებისა", გუშინდელი შეხვედრა, თამამად უნდა ითქვას, იყო მხოლოდ პოლიტიკური შეხვედრა, მას არანაირი სტატუსი არ გააჩნდა. ამ შეხვედრას არანაირი სამართლებრივი დატვირთვა არ ჰქონდა. ის როგორც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი, დაესწრო შეხვედრას, ჰქონდა თავისი ხედვები, პოზიციები. მან გაიხსენა გარკვეული პოზიციები, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო და უმრავლესობას, გარკვეულად ანგარიშიც კი წარუდგინა, თუ რა ფესვები გააჩნია ამ ყველაფერს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია ჰქონდა ივანიშვილს ირაკლი ალასანიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ზაქარეიშვილის თქმით, მისი პოზიცია უმრავლესობისას ემთხვეოდა.