შეურაცხმყოფელია, არაცივილიზებულია, არადასავლური და არადემოკრატიული სტილია, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს იმაზე , თითქოს თავად არის ევროპული არჩევანის მომხრე და სხვა ყველა სადღაც სხვაგან მიდის, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პოლიტიკა, რომელიც ორი წლის განმავლობაში საქართველოში ტარდება, ეს არის კოალიცია "ქართული ოცნების", საქართველოს მთავრობისა და ორი პრემიერ-მინისტრის - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა.
"მთელი დღის განმავლობაში ვისმენ პროვოკაციულ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს და არ შემეძლო პასუხი არ გამეცა ზოგიერთი მათგანისთვის. ვისმენთ განცხადებებს საქართველოს ევროპულ არჩევანთან და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მე მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი გუნდის, რომელიმე ერთი მინისტრის, რომელიმე ერთი პიროვნების არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომლისთვისაც ვიბრძოდით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ვიბრძოდით ბოლო 20-30 წლის განმავლობაში და ვიბრძვით დღესაც. ის პოლიტიკა, რაც ტარდება ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოში, ეს არის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკა, ეს არის საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ორი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა. ამ პოლიტიკას ვატარებდით თითოეული ჩვენგანი. ეს არ არის რომელიმე ერთი ცალკე აღებული მინისტრის პოლიტიკა და უბრალოდ შეურაცხმყოფელია, არაცივილიზებულია, არადასავლური და არადემოკრატიული სტილია, როდესაც ადამიანი ლაპარაკობს იმაზე, თითქოს თავად არის ევროპული არჩევანის მომხრე და სხვა ყველა სადღაც სხვაგან მიდის. ეს ფაქტი მიუთითებს იმ ადამიანების არაკულტურულობაზე, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრმა ევროპული არჩევანის შესახებ ისაუბრა. "მეორე, რას ნიშნავს მკაფიოდ რომ განვსაზღვროთ საქართველოს ევროპული არჩევანი. ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი, რომ ჩვენ გვინდა დემოკრატია, რომ ჩვენ გვინდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომელსაც შედეგად მოჰყვება უსაფრთხოება, რომელსაც მოჰყვება კეთილდღეობა. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. ეს არის ის, რაც ქვეყანაში დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა. ძალიან კარგად გვახსოვს, სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში, 2011 წელს, საქართველოში დემოკრატიის შანსი არ არსებობდა. პოლიტიკური ველი ისე იყო მოსუფთავებული, რომ საქართველოში არ არსებობდა შანსი ყოფილიყო პოლიტიკა, არ არსებობდა შანსი, რომ ვინმეს გაემარჯვა. ეს შექმნა ბიძინა ივანიშვილმა იმ კოალიციასთან ერთად, იმ გუნდთან ერთად, რომელიც მასთან ერთად მოვედით და ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი გზა, რომელსაც განუხრელად განვახორციელებთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, გამოძიებასთან დაპირისპირება და მისთვის პასუხების გაუცემლობა, დემოკრატია არ არის. "ასევე, მინდა მკაფიოდ ვთქვა ერთი რამ, როდესაც ვლაპარაკობთ გამოძიებაზე, მის ინტერესებზე, გამოძიებასთან დაპირისპირება და მისთვის პასუხების არ გაცემა, ესეც არ არის დემოკრატია, არ არის ევროპული არჩევანი. ევროპა, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლებრივ სახელმწიფო ნიშნავს სწორედ იმას, რომ პასუხი გავცეთ ყველა კითხვას. მე პირადად გეტყვით, რომ მე და ჩემს პირველ მოადგილეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი ჩვენება გვაქვს მიცემული იმ საქმეებზე, რომლებზეც უფლება გვაქვს არ მივცეთ ჩვენება, როგორც სახალხო დამცველს და მის წარმომადგენელს, იმ ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებზე რომლებიც ხდებოდა წლების განმავლობაში სააკაშვილის პერიოდში. ეს არის სწორედ სახელმწიფოებრივი მიდგომა და არა ის, რომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ვიღაცის უდანაშაულობაში და ამიტომაც ვაკეთებ პროვოკაციულ განცხადებებს. ისინი დამნაშავეები არიან თუ არ არიან დამნაშავეები, ამას დაადგენს გამოძიება, ამას დაადგენს სასამართლო. სასამართლო საქართველოში ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც დღეს არის, არ ყოფილა, არც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არც მანამდე მრავალი ასწლეულის განმავლობაში და ამას მე მგონი ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ", -განაცხადა სოზარ სუბარმა.