ფრაქცია

ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო პოსტების დატოვებას არ აპირებს

ფრაქცია "ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობის შემადგენლობიდან გადის, მაგრამ საპარლამენტო პოსტების დატოვებას არ აპირებს. "თავისუფალი დემოკრატები" არ აკონკრეტებენ, უმრავლესობას ტოვებს თუ არა ფრაქციის სრული შემადგენლობა – მათი ათივე წევრი.

როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა და ფრაქციის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადეს, ფრაქცია უმრავლესობიდან გადის, ხოლო დარჩება თუ არა ფრაქციის წევრთაგან რომელიმე უმრავლესობაში, ამაზე განცხადება მოგვიანებით, რამდენიმე დღეში გაკეთდება. ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ.

"როგორც ითქვა, ადგილი აქვს საბოტაჟის ნიშნებს. საბოტაჟზე რომ არავინ იფიქროს, არავინ არსად წასვლას არ აპირებს და თანამდებობებზე ვრჩებით", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს"ცაგარეიშვილმა.

ფრაქცია"ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების" წევრები არიან: ირაკლი ჩიქოვანი, ზურაბ აბაშიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ნინო გოგუაძე, ვიქტორ დოლიძე, გედევან ფოფხაძე, დავით ონოფრიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი და თამაზ ჯაფარიძე - სულ 10 დეპუტატი.

ფრაქციის სრული შემადგენლობით უმრავლესობიდან გასვლა ავტომატურად უმრავლესობის დაშლას იწვევს, რადგან ასეთ შემთხვევაში 83-წევრიან უმრავლესობაში რჩება 73 დეპუტატი, რაც 150-წევრიანი პარლამენტის უმრავლესობას არ წარმოადგენს.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ უმრავლესობის დატოვების შემთხვევაში, "თავისუფალ დემოკრატებს" პარლამენტში პოსტების შენარჩუნების შესაძლებლობა და შანსი მაინც რჩებათ. ფრაქციიდან სამი დეპუტატი კომიტეტის თავმჯდომარეა, აქვთ ერთი ადგილი პარლამენტის სპიკერატში, წარმოდგენილი არიან საერთაშორისო საპარლამენტო დელეგაციებში – საპარლამენტო თანამდებობებიდან მათი გადაყენებისთვის ხმების უმრავლესობის – 76 ხმის მობილიზებაა საჭირო.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, "თავისუფალი დემოკრატების" პოსტებიდან გადაყენების საკითხის დღის წესრიგში დაყენების შემთხვევაში, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ერთსულოვნება არ იქნება. ამ კონტექსტში რამდენიმე დეპუტატის გვარი სახელდება. გავრცელებული ინფორმაციით, საკითხს მხარს არ დაუჭერენ "რესპუბლიკელები", ასევე, ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" სავარაუდოდ, შალვა შავგულიძე, თამარ კორძაია, თედო ჯაფარიძე, ელისო ჩაფიძე, ზაზა პაპუაშვილი. ასევე მოსალოდნელია, რომ საწინააღმდეგო პოზიცია ექნებათ "ეროვნული ფორუმის" წევრებს, გუბაზ სანიკიძეს და სოსო ვახტანგიშვილს.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ამ ბარიერების დაძლევას, მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობიდან" გამიჯნული დამოუკიდებელი მაჟორიტარების და მათი ხმების მეშვეობით აპირებს.