"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრემეირ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.
როგორც კოალიციიის პოლიტსაბჭოდან გამოსულმა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი პროცესში აღმოჩნდა მხარე.
"იმ ბრალდებებისა და იმ ცილისწამების ფონზე, რაც განახორციელა პრემიერ- მინისტრმა პროკურატურასთან შეთანხმებით, ჩვენ ვეღარ დავრჩებოდით სხდომაზე. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი აღმოჩნდა მხარე ამ პროცესში. სამწუხაროა ის ცილისწამებები, რასაც მისი მხრიდან ჰქონდა ადგილი", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის განმარტებით, მათი თანამშრომლობა კოალიციურ რეჟიმში დასრულებულია. "ჩვენი თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით დასრულებულია, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტიულ სამუშაოს. 8-ში ჩავატარებთ ყრილობას, რომელიც დაგეგმილი გვაქვს და ვივლით ქვეყნის წინსვლის გზით", - განაცხადა აბაშიძემ.