ფრაქცია

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობიდან გადის

ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო უმრავლესობიდან გადის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსულმა პარტიის წარმომადგენელმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.

"ფრაქცია გავიდა უმრავლესობიდან, თუმცა "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის შეკრება ალბათ არ გაუჭირდება, მგონია, რომ პროცესები საინტერესოდ წავა", - აღნიშნა გოგუაძემ.

მისივე თქმით, "თავისუფალ დემოკრატებს" შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა სურდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება მოხდა, მათ პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება აღარ უცდიათ.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში მათი თანამდებობებიდან არ გადადგებიან, რათა საბოტაჟად არ შეირაცხოს ეს ქმედება.

დეპუტატი გია ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ რამდენი წევრი დატოვებს "თავისუფალი დემოკრატებიდან" საპარლამენტო უმრავლესობას 12 ნოემბერს გახდება ცნობილი.

მან ასევე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად ირაკლი ალასანიას დაკავება არ გამორიცხა. "კომიკურია ეს ყველაფერი, რომ ახლა გაახსენდათ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ყველა საქმე, განსაკუთრებით გუშინდელი ფაქტი ექიმების ბრალეულობაზე. ეს საქმე წელიწადნახევრის წინ ალასანიას უშუალო მითითებით სამხედრო პოლიციამ გადააგზავნა პროკურატურაში. აქამდე რატომ არ გაახსენდა არავის?! 23 000 საქმე აქვს გამოსაძიებელი პროკურატურას, სჯობს ამას მიხედონ", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.