"თავისუფალი დემოკრატები" პარტიის ოფისში იკრიბებიან

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარტიის ოფისში იკრიბებიან. როგორც ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა , ძალიან სამწუხაროა, რომ თემატური, შინაარსობრივი საუბარი კოალიციის მომავალთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე ვერ შედგა.

"ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მივსულვართ. ჩვენ მივედით მმართველი კოალიციის ფარგლებში სასაუბროდ. სამწუხაროა ეს ყველაფერი. ჩვენ ასევე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ ჩვენს თავს იმ კოალიციაში", - განაცხადა დოლიძემ.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით კი, კოალიციის სხდომაზე საუბარი ვერ შედგა, რადგან მას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. "ჩვენ მივედით პარტნიორებთან დასამშვიდობებლად. ჩვენს პარტნიორებთან გვაკავშირებს მნიშვნელოვანი წლები, ერთობლივი ბრძოლები და ამ ურთიერთობის პატივსაცემად მივედით დასამშვიდობებლად. იქ საუბარი ვერ შედგა, რადგან შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილიც და წარიმართა ისევ დეტალებზე საუბარი, რაც რეალურად არ იყო არავითარი შედეგის მომტანი", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარტიის ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს დატოვების შემდეგ იკრიბებიან.