"თავისუფალი დემოკრატების" წევრ გია ცაგარეიშვილის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნების" სხდომას ბიძინა ივანიშვილი ესწრება.
როგორც ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ივანიშვილსაც იგივე პოზიცია აქვს, რაც პრემიერს.
"ბატონმა ბიძინამაც გამოთქვა თავისი აზრი. მას ფაქტობრივად იგივე პოზიცია აქვს, რაც პრემიერს. ახალი არაფერი თქმულა, ამიტომაც შეხვედრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მით უმეტეს, რომ დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ აზრის გამოთქმის უფლება არ მოგვეცა. სწორედ აქედან გამომდინარე არის მიღებული გადაწყვეტილება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიციის დატოვების შესახებ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი განმარტებით, "თავისუფალი დემოკრატები" ბრძოლის ველიდან არ გაქცეულა. "ჩვენ ფეხი არ მოგვიცვლია იმ ღირებულებისგან, რომლისთვისაც ერთად ვიბრძოდით 1-ელ ოქტომბრამდე და წარმატება მიღწეული იყო, მათ შორის ჩვენს მიერ. თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი აზრის გამოთქმის უფლება არ მოგვეცა. "თავისუფალი დემოკრატები" არსად გაქცეულან, ბრძოლის ველს არ ვტოვებთ, ჩვენ ერთგული ვართ იმ ღირებულებების, რომელსაც ამ საზოგადოებასთან გაგვაერთიანა", - დასძინა ცაგარეიშვილმა.