დისკუსია რეალურად ვერ შედგა, ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან სასაუბროდ არ მოვსულვართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა.
ირაკლი ალასანია, თანაგუნდელებთან ერთად, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომიდან უკვე გამოვიდა.
"ჩვენ დავემშვიდობეთ ჩვენს პარტნიორებს სიმბოლურად. კოალიციაში აღარ იქნება "თავისუფალი დემოკრატები". რაც შეეხება დისკუსიას, ის რეალურად ვერ შედგა, აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან. დაგეგმილი მქონდა, ჩვენი კოალიციის პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" გადადგა. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალი პოლიტიკური ცხოვრება "თავისუფალ დემოკრატებს" მისცემს შანს, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გააგრძელოს საქართველოს სამსახურში ყოფნა", - განაცხადა ალასანიამ.
კითხვას, ესწრებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, ალასანიამ არ უპასუხა. თუმცა, ცნობილია, რომ ივანიშვილი გუშინდელ პოლიტსაბჭოს ესწრებოდა.