"რესპუბლიკური პარტია" განცხადებას კოალიციის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთებს

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, "რესპუბლიკური პარტია" განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განუცხადა.

"მიმდინარე პროცესები არის ძალიან რთული, ძალიან დინამიურად მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. პრაქტიკულად გადავდივართ პარლამენტთან თემატურ თანამშრომლობაზე, თუმცა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციებს სხდომის დასრულების შემდეგ დავაფიქსირებთ. "რესპუბლიკური პარტია" სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას", - განაცხადა სამნიძემ.

ხათუნა სამნიძეს არ დაუკონკრეტებია რა იგულისხმება პარლამენტთან თემატურ თანამშრომლობაში.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს წევრები უკვე შეიკრიბნენ. რამდენიმე წუთის წინ მივიდა თავდაცვის მინისტრობიდან გადაყენებული ირაკლი ალასანაია, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია.