როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „სამწუხაროდ, მთავრობის ყოფილ წევრებს პროცესი შეგნებულად დამახინჯებულად მიჰყავთ“
პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლება და მთავრობა ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს განუხრელად ადგას, რომელიც ურყევია და ამისგან გადახვევა გამორიცხულია.
„მინდა კიდევ ერთი განცხადება გავაკეთო, ვინაიდან ვხედავ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს პროცესი შეგნებულად დამახინჯებულად მიჰყავთ. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და ეს კურსი ურყევია და ამისგან გადახვევა გამორიცხულია. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და ურყევი ნება. ვერავინ ვერ მოახერხებს, რომ საკუთარ თავზე მიიწეროს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ევროპული ორიენტაცია. ხალხის არჩევანით სპეკულირება არის ყოვლად გაუმართლებელი, მიუღებელი და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. 2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ნდობის მანდატი მისცა კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ და სწორედ ჩვენს მიერ გაცხადებული კურსისა და ღირებულებების გამო. მათ ეს ნდობის მანდატი კიდევ ორჯერ დაამტკიცეს. ეს არცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსის და პოლიტიკური გუნდის დამსახურება არ იყო და ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ამ ნდობის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ქულებისთვის გამოიყენოს.
აქვე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასეთი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით საფრთხე ექმნება პირველ რიგში, ჩვენს სახელმწიფოს და მის ევროპულ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ასე მტკიცედ ადგას და ამას ხაზგასმით ვაცხადებ. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ასეთ უპასუხისმგებლო, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევნის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები - „თავისუფალი დემოკრატები“ და არჩევანს აკეთებენ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის. ისინი ერთამანეთს სოლიდარობას უცხადებენ. თუმცა გამოძიები პროცესის შეფერხება პოლიტიკური სარჩულით არის დაუშვებელი და ჩვენი სახელმწიფო არცერთ პოლიტიკურ ძალას, არცერთ ადამიანს არ მისცემს, რომ ობიეტურად დაწყებული გამოძიება დამახინჯებულად წარმიმართოს და მისი პოლიტიზება მოხდეს.
ამ ვითარებაში პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერია, იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე ის 20, 10 და თუნდაც 2 წლის წინ იყო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს. მინდა მაქსიმალურად მოვუწოდო ყველას, რომ ფრთხილად მოეკიდონ ისეთ საკითხებს, რაც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა