დეპუტატ თინა ხედაშელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრთან უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე "თავისუფალი დემოკრატების" მიუსვლელობამ პროცესი დააზარალა.
როგორც ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისმოდა ბევრი კითხვა, რაზეც პასუხები არ იყო.
"ძალიან ცუდია, როდესაც კოალიციაში ასეთი ტიპის რყევა იწყება. ყველა რესურსი არ იყო გამოყენებული იმისთვის, რომ ვითარება აქამდე არ მისულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომა. ამ შეხვედრამდე ნამდვილად არ გავასწრებდი მოვლენებს. "თავისუფალი დემოკრატების" გუშინდელ სხდომაზე არმოსვლამ პროცესი დააზარალა. მიუხედავად ჩემი სრული სოლიდარობისა, მეგობრობისა და თანადგომისა, ვფიქრობ, ეს არ იყო სწორი. კოალიციის პარტნიორების მხრიდან მათი პოზიციის, დამოკიდებულების, ხედვების არგუმენტების მოსმენა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცუდია, რომ ეს არ მოხდა და არ გახდა შესაძლებელია. ისმოდა ბევრი კითხვა, რაზეც პასუხები არ იყო. რთულია, პასუხი გასცე იმას, რაზეც არ გაქვს ინფორმაცია და რა თქმა უნდა,მათ შეეძლოთ ამ ვაკუუმის შევსება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხედაშელმა.