თუ მთავრობას არ ექნა მხარდაჭერა პარლამენტისგან, მას ძალიან გაუჭირდება დაკისრებული ფუნქციის შესრულება და საქმიანობა , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.
"ამ შემთხვევაში უპირობოა, რომ ვიდრე სხვა გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არ იარსებებს უმრავლესობა. ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, თუ უმრავლესობა იშლება, ავტომატურად აღარ არსებობს უმცირესობაც. ანუ პარლამენტში იქნება წარმოდგენილი რამდენიმე ფრაქცია. ჩვენი პარლამენტი ფრაგმენტირებული იქნება უფრო მეტად. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის კანონის მიღებასთან, მითუმეტეს, ორგანული კანონის მიღებასთან, ბიუჯეტთან დაკავშირებით, სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება პარლამენტს ან რომელიმე ერთ ძალას პარლამენტში. იგივე ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელიც დღეს უნდა წარადგინონ პარლამენტში, რაც საინტერესო და სიმბოლური დამთხვევაა, სჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. ანალოგიურად საჭიროებაა ორგანული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, აღარაფერს ვამბობ ვეტოს დაძლევაზე. რაც შეეხება მთავრობას და მთავრობის საქმიანობას, თუ მას არ ექნა მხარდაჭერა პარლამენტისგან, ძალიან გაუჭირდება დაკისრებული ფუნქციის შესრულება და საქმიანობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლებიც მისგან შეიძლება მოდიოდეს, პარლამენტში სათანადო მხარდაჭერით ვერ ისარგებლებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ თუკი უმრავლესობა და უმცირესობა დაიშალა, ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, ნიშნავს საპარლამენტო კვოტების და თანამდებობის ხელახალი გადანაწილების საჭიროებას _ დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარიდან, ისე კომიტეტების თავმჯდომარეებსა და კომიტეტებში წარმომადგენლებთან მიმართებაში. რეგლამენტში, მაგალითად, კვოტირებასთან დაკავშირებით წერია, რომ კომიტეტებში საპარლამენტო უმრავლესობას აქვს 10 კვოტა, უმცირესობას - 8. თუკი აღარ იარსებებს უმრავლესობა და უმცირესობა, განაწილების ეს წესი შესაბამისად, არ იმოქმედებს", - განაცხადა ალაფიშვილმა და დასძინა, რომ საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი შეიძლება შეიქმნას, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი საორგანიზაციო და პოლიტიკური საპარლამენტო საკითხი არის დაკავშირებული მიმდინარე პროცესებთან.
იმ შემთხვევაში კი, თუ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დადგება, ალაფიშვილის თქმით, პრეზიდენტის როლი გადამწყვეტია.
"ეს არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც უდავოდ წარმოაჩენს ჩვენი კონსტიტუციური მოდელის განსაკუთრებულობას და მნიშვნელობას. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ პრეზიდენტს აქვს ორი არჩევანი – ან მთავრობის სასარგებლოდ, ან პარლამენტის სასარგებლოდ, ვგულისხმობ, რომ ან სახლში გაუშვას მთავრობა და დაიწყოს ახლის ფორმირების პროცესი პარლამენტთან ერთად, ან პირიქით, სახლში გაუშვას პარლამენტი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები. ამის დისკრეცია პრეზიდენტის აქვს და მნიშვნელოვანი იქნება ის კონფიგურაცია, რომელშიც მოუწევს მას ამ გადაწყვეტილების მიღება. ორივე გადაწყვეტილების შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლად რჩება ის მთავრობა, რომელსაც ლეგიტიმაციის ხარისხი უკვე აღარ აქვს. ეს არის ბოლო საკონსტიტუციო ცვლილება და ყველაზე ნათელი წარმოჩინება თუ რაოდენ წინააღმდეგობრივია ჩვენი კონსტიტუციური მოდელი, მათ შორის არჩევნების შემდეგ მიღებული ეს შესწორება", - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.