ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ

ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ "პროკურატურა ირაკლი ალასანიამდე მივიდეს"

საუბარი, რომელიც მოვისმინე პრემიერის მხრიდან, ცოტა გამაოგნებელი იყო ჩემთვის, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

როგორც აბაშიძე აცხადებს, საკითხის დასმა, ვინ დადგება პიროვნების და ვინ სახელმწიფოს მხარეს, გამაოგნებელი იყო.

რაც შეეხება კითხვას, დატოვებენ თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას და კოალიციას, აბაშიძის თქმით, ამის შესახებ პოლიტსაბჭოს შემდეგ გახდება ცნობილი. აბაშიძის თქმით, ისინი აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაში.

"ჩვენ აუცილებლად მივალთ და ჩვენს პოზიციას ძალიან მკვეთრად და მკაფიოდ დავაფიქსირებთ კიდევ ერთხელ. ის საუბრი, რომელიც მოვისმინე პრემიერის მხრიდან, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამაოგნებელი იყო ჩემთვის - თითქოს ასე დაისვა საკითხი, ვინ დგება პიროვნების და ვინ დგება სახელმწიფოს მხარეს. ძალიან სამწუხაროა ასეთი შეფასებები პრემიერის მხრიდან. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილი გამოდგა მხარე ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ საკმაოდ არასწორი ინფორმირება ხდება საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების. გარწმუნებთ, ამაში სიცხადეს შევიტანთ და ყველა გაიგებს სიმართლეს, რასთან და როგორ გვქონდა საქმე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ პროკურატურა მივიდეს ირაკლი ალასანიამდე, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ არაფერს გამორიცხავს.

"არაფერს გამოვრიცხავ, ვინაიდან გუშინ ალასანიამ თავის სატელევიზიო გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმეს დაჭერა უნდათ, აგერ ვარ და დამაპატიმრონო. ძალიან გაბედული და ვაჟკაცური ნაბიჯია", - განაცხადა აბაშიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" ოფისში ამ დროისათვის პარტიის თითქმის ყველა ლიდერი იმყოფება. თავად პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ოფისი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.