დიმიტრი ლორთქიფანიძე - ალასანიამ გადალახა სტიგმა, რომელიც არ გამორიცხავს

დიმიტრი ლორთქიფანიძე - ალასანიამ გადალახა სტიგმა, რომელიც არ გამორიცხავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას

პარტია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. 

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარლამენტში იქმნება ახალი კონფიგურაცია, რომელიც ახალი უმრავლესობის შექმნას უზრუნველყოფს, ხოლო, თუკი ალექსი პეტრიაშვილის და ფანჯიკიძის მსგავსად, თანამდებობას სხვა მინისტრებიც დატოვებენ და მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი გადამდგარი ან გადაყენებული აღმოჩნდება, პრეზიდენტს ახალი პრემიერ- მინისტრის დანიშვნა მოუწევს. 

"შეიძლება ძალიან მალე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის კონფიგურაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში იქმნება. თუ დღეს ალასანიას გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ კოალიცია დატოვოს, უმრავლესობა იშლება და გუშინდელ განცხადებას თუ გავიხსენებთ, ალასანია ერთ მუშტად შეკვრისკენ მოუწოდებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც თავისი იდეოლოგიური მრწამსით პროდასავლურია. მან გუშინვე გადალახა ის სტიგმა, რომელიც არ გამორიცხავს "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ შეიძლება საქართველოს პარლამენტში მოვლენები იმგვარად განვითარდეს, რომ ძალიან მალე ახალი უმრავლესობა მივიღოთ", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, თუ წარმოვიდგენთ, რომ "რესპუბლიკელები" და ალასანიას გუნდი ჯამში 19 დეპუტატს შეადგენს, "ნაციონალურ მოძრაობას" 6 დეპუტატის მიმხრობა დასჭირდება იმისთვის, რომ ახალი უმრავლესობა შექმნას. 

"იმ შემთხვევაში, თუ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი იქნება გადაყენებული, ან გადამდგარი, ქმნის იმის პირობას, რომ პრეზიდენტის მხრიდან ახალი პრემიერის კანდიდატურის დასახელება დღის წესრიგში დადგეს. იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ 15 ნოემბრის ფაქტის გათვალისწინებით ამას შეიძლება მძიმე ესკალაცია მოჰყვეს და მოვლენებმა შეიძლება ქუჩაში გადაინაცვლოს", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.