მადლობა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის

მადლობა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის

როგორც ჩვენში ამ ბოლო დროს ამბობენ - ნახვამდის! - ასე ემშვიდობება ირაკლი ალასანიას მოადგილე თამარ ქაროსანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით თავდაცვის სამინისტროს.

ქაროსანიძე ირაკლი ალასანიას ყველაზე ეფექტურ მინისტრს უწოდებს და აცხადებს, რომ დღეს შეიარაღებული ძალები არის დეპოლიტიზებული, თავდაცვის სისტემა კი - გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული.

მისი თქმით, მომავალში, ალბათ, თავდაცვის სისტემის წარმატებულ მაგალითებს უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებიც გამოიყენებენ.

"ძალიან დიდი მადლობა თავდაცვის ყველაზე ეფექტურ (და ეფექტიან) მინისტრს (ყოფილს, რა თქმა უნდა), რომ მომცა შესაძლებლობა, ბოლო ორი წელი მემუშავა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყველაზე ხშირად ამბობენ სიტყვებს "ვემსახურები საქართველოს"! ამ წლებში თავდაცვის სისტემამ რთული, მაგრამ წარმატებული გზა გამოიარა. მთავრობის ანგარიშებში ეს წარმატებები ყოველთვის ყველაზე ვრცლად არ იყო ხოლმე აღწერილი, თუმცა "სივრცე" არ აკლდა ჩვენი უცხოელი პარტნიორების და ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დადებით შეფასებებს.

მიხარია, რომ დღეს შეიარაღებული ძალები არის დეპოლიტიზებული, თავდაცვის სისტემა კი - გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული. მომავალში, ალბათ, თავდაცვის სისტემის წარმატებულ მაგალითებს უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებიც გამოიყენებენ. განსაკუთრებული მადლობა ყველა სამხედროს და თქვენს ოჯახებს!

დიდი მადლობა თავდაცვის სისტემის ყველა ერთგულ და მონდომებულ თანამშრომელს! თქვენთან ერთად მუშაობა იყო დიდი პატივი, დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიამოვნება! მადლობა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის და იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც ჰქონდა და აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ! როგორც ჩვენში ამ ბოლო დროს ამბობენ -- ნახვამდის!~, - აღნიშნულია ქაროსანიძის განცხადებაში, რომელიც მან ფეისბუქში გამოაქვეყნა.