შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას გადადგომის საკითხი დღის წესრიგში არც დამდგარა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა. ლევან იზორია თანამდებობაზე დანიშვნამდე "თავისუფალი დემოკრატების" წევრი იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გუშინ გაათავისუფლა. დღეს თანამდებობები დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროპულ და ევროანტლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა. თანამდებობები დატოვეს ასევე მაია ფანჯიკიძის მოადგილეებმა თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ზალკალიანმა, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ.