ვწუხვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მხარე აღმოჩნდა

ვწუხვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მხარე აღმოჩნდა

ვწუხვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოჩნდა მხარე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით პრემიერის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.

პეტრიაშვილის შეფასებით, პროკურატურამ ქვეყნის იმიჯს და საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ზიანი მიაყენა.

"ვწუხვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში აღმოჩნდა მხარე და მისთვის უფრო მეტად დამაჯერებელი გახდა პროკურატურის არგუმენტები, თუმცა სასამართლო დაადგენს ყველაფერს. პროკურატურამ ნებსით თუ უნებლიეთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ქვეყნის იმიჯს, თავდაცვის უწყების იმიჯს, საგარეო პოლიტიკურ ორიენტირს და კურსს სერიოზული ზიანი მიაყენა. ეს ცალსახაა, რაც არ უნდა ამტკიცონ პროკურატურის მაღალჩინოსნებმა", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალასანიას გუნდის წევრები, რომლებმაც თანამდებობა დატოვეს, საკითხს არასახელმწიფოებრივად მიუდგნენ, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, ეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების მცდარი აღქმაა.

"ძალიან ვწუხვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ასეთი განცხადება გააკეთა. ეს არის ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების მცდარი აღქმა. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს, რომ ერთი კონკრეტული სტრუქტურის – მთავარი პროკურატურის რამდენიმე ინდივიდუალური პირის მხრიდან არსებობს მცდელობა, შეტევა მიიტანოს იმ რგოლზე, რომელიც არის მთავარი ჯაჭვში, რასაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია", - აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.