"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში არის სავსე პოლიტიკური ცხოვრება"

ასე გამოეხმაურა სოზარ სუბარი თავდაცვის მინისტრის გადაყენებას და ორი მინისტრის გადადგომას. მისი თქმით, ეს ყველაფერი დემოკრატიული პროცესების მანიშნებელია, რაც მისასალმებელია.

ამასთან, როგორც დევნილთა მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე მთავრობის ხელახალი დამტკიცების საჭიროება არ არის, თუმცა მისი თქმით, ამის საჭიროების შემთხვევაში პრობლემას არც ეს წარმოადგენს.

"შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში არის სავსე პოლიტიკური ცხოვრება, იგივე სამი წლის წინ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი შემოვიდოდა ფაქტობრივად, მოკვდა პოლიტიკა. ეს არის მჩქეფარე პოლიტიკური ცხოვრება, ამ დროს ხდება გადაყენება, გადადგომა, კოალიციის შექმნაც, დაშლაც. შესაბამისად, ეს მემგონი მისასალმებელია. რეალური დემოკრატია არის დღეს, როცა არის სიტყვის თავისუფლება, როცა სამი არჩევნები ჩატარდა და არცერთზე ერთი სიტყვა არ დაძრულა რომ გაყალბდა, ეს არის მთავარი. რაც შეეხება მთავრობის ხელახალ დამტკიცებას, ამ წუთისთვის ამის საჭიროება არ დგას, თუ მომავალში გვექნება, ესეც არ არის პრობლემა",- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერმა თავამდებობიდან გადააყენა, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილი თანამდებობიდან გადადგნენ.