"დარწმუნებული ვარ, რომ მინდია ჯანელიძე ბევრად უკეთესი მინისტრი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო“

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე წარადგინა და საზოგადოებას მისი ბიოგრაფია გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჯანელიძე ბოლოს უსაფრთხოების საკითხებში მისი თანაშემწე და ამავდროულად, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მინდია ჯანელიძე პროფესიით იურისტია, რომელსაც განათლება, როგორც საქართველოში, ისე აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული.

„მინდია ჯანელიძე ფლობს ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებს. მას ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, მეუღლე და 3 შვილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა

პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ახალ მინისტრს მინდია ჯანელიძეს წარმატებები უსურვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის ბევრად უფრო უკეთესი მინისტრი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. რაც მთავარია, მე ვარ დარწმუნებული, რომ იგი ღირსეულად, ერთგულად ემსახურება ქართულ ჯარს და კიდევ უფრო გააძლიერებს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.