არ შეგვიძლია, ვუღალატოთ ქართველი ერის არჩევანს

არ შეგვიძლია, ვუღალატოთ ქართველი ერის არჩევანს

არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ევროპულ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ გადადგომით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები ,   რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი - დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ვლადიმერ გურგენიძე და ჩვენ გვიერთდება დავით ჯალაღანია, რომელიც ამჟამად კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები. მე ასევე, ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" რიგებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, 2 წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის. ყალბი თავდამბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა საგარეო-პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლის მაქსიმუმს. ჩვენ ვიდექით ევროატლანტიკური ფასეულობების დასაცავად, შევქმენით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვისობრივად ახალი შესაძლებლობები. ხელი მოეწერა და ამოქმედდა ასოცირების შეთანხმება, ნატომ მიიღო გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის შემუშავებით, წარმატებას მივაღწიეთ არაღიარების კუთხით და ორი სახელმწიფოთი შევამცირეთი აღიარებათა რიცხვი, გავზარდეთ გაეროს რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი. ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად გავაქარწყლეთ ის სკეპტიციზმი საერთაშორისო პარტნიორებში, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ უკავშირდებოდა საქართველოს საგარეო კურსის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ახლო მომავალში გეგმავდა გაწეული სამუშაოს შესახებ მედიისთვის ანგარიშის წარდგენას, მაგრამ ნამდვილად არ ელოდა რომ ასეთ ვითარებაში მოუხდებოდა ამის გაკეთება.

"რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ მომავალი საქმიანობა, არამედ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც მოგახსენეთ. საქართველოს ევროპული მომავალი არის ქართველი ხალხის არჩევნები და ჩემს გუნდს, იმ ადამიანებს, რომელთაც შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას", - განაცხადა ფანჯიკიძემ.