საქართველოს თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველო სერიოზული სამთავრობო კრიზისის ზღურბლზე დგას: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საღამოს პირდაპირ ტელეეთერში გამოაცხადა, რომ მიიღო გადაწყვვეტილება თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე - „გენერალური პროკურატურის მიმართ მისი უპასუხისმგებლო განცხადებებთან დაკავშირებით". ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

ამ მოვლენამდე უფრო ადრე კი თავდაცვის მინისტრმა მკაცრი კომენტარი გაუკეთა მისი უწყების ხუთი მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტს 2,5 მილიონი დოლარის განიავების თაობაზე და აღნიშნა, რომ „გენერალური პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს იმიტომ უტევს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასო". „ეს პირდაპირი დარტყმაა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სწრაფვაზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ტელეგამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა დაუსწრებლად უპასუხა თავდაცვის მინისტრის ამ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისის პროდასავლურ კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რამდენადაც „ეს ქართველი ხალხის არჩევანია". მან თვადაცვის უწყების ახალ ხელმძღვანელად მინდია ჯანელიძე დანიშნა, რომელიც მანამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო და ამ კუთხით პრემიერის თანაშემწის ფუნქციებსაც ასრულებდა.

მაგრამ ირაკლი ალასანიას თანამოაზრეები პრემიერ-მინისტრის განმარტებებმა ვერ დაამშვიდა. მთავრობის მეთაურის ბრიფინგის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილიც: „ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის წინააღმდეგ მიზანმიმართული დარტყმა ხორციელდება", - გამაფრთხილებლად განაცხადა მან.

„კომერსანტის" მონაცემებით, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები", როგორც ჩანს, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას" დატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რას მოიმოქმედებენ და გაჰყვებიან თუ არა ალექსი პეტრიაშვილის კვალს, გადადგებიან თუ არა თანამდებობებიდან „თავისუფალი დემოკრატების" წევრი სხვა მინისტრები - საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

http://www.kommersant.ru/doc/2603515