სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირის საჩივარი დაუშვებლად სცნო

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირის საჩივარი დაუშვებლად სცნო

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალი თანამდებობის პირის საჩივარი დაუშვებლად სცნო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების ადვოკატმა ლევან სამუშიამ აცნობა.

საჩივარში მოთხოვნილი იყო დაკავებული 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა 10-10 ათასიანი გირაოს თანხით.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. საბრალდებო ეპიზოდის მიხედვით, აღნიშნული პირების მონაწილეობით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზის შესყიდვა სამინისტრომ ხელოვნურად გაზრდილი თანხით, განახორციელა კომპანია "სილქნეტისგან", აღნიშნული კომპანიის სასარგებლოდ.

პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.