ირაკლი ალასანია - იანუკოვიჩების მეტი რა გვყავს საქართველოში

ირაკლი ალასანია - იანუკოვიჩების მეტი რა გვყავს საქართველოში

დადგა დრო, ჩვენს მოწინააღმდეგეს დავანახოთ, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი საბოტაჟი, როგორიც ხდება უკრაინაში, აქ არ გამოუვათ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს მიზანი რუსეთის ფედერაციას აქვს და ჩვენ "არ უნდა შევყვეთ ამაში". "ერთი რამ ცხადია, ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, ყველა საზოგადო მოღვაწე და მოქალაქე, ვისთვისაც ძვირფასია ეს ღირებულებები, ახლა ერთ მუშტად უნდა შევიკრათ. დადგა დრო, დავანახოთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს, რომ საზოგადოება შეკრულია ამ ღირებულებების ირგვლივ და დადგა დრო, დავანახოთ ჩვენს მოწინააღმდეგეს, რომ მათ საქართველოს სახელმწიფოებრივი საბოტაჟი, როგორიც ხდება უკრაინაში, აქ არ გამოუვათ. ახლა უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სიბრძნე და სიმტკიცით გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზნები აქვს რუსეთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ ზუსტი გეგმა, როგორ შეიძლება მიიტანონ იერიშები იმ ინსტიტუტებზე, რომლებიც არის გარანტი საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და პირველ რიგში მათთვის ეს სამიზნე არის თავდაცვის უწყება. რა თქმა უნდა, მათ უნდათ გამოაცალონ საფუძველი საქართველოს ძლიერებას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. ვიცი, რომ ის საქმე, რომელსაც მე დღეიდან აბსოლუტურად სხვა ამპლუაში დავიწყებ, იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის მოსალოდნელი რუსეთმა საქართველოში იანუკოვიჩის მსგავსი დასაყრდენი იპოვოს, ალასანიას თქმით, ქვეყანაში "იანუკოვიჩების მეტი რა გვყავს".
"იანუკოვიჩების მეტი რა გვყავს საქართველოში - პოლიტიკურ ძალებში, სხვადასხვა ორგანიზაციებში. ბუნებრივია, რუსეთს თავისი გეგმები აქვს, ჩვენ არ უნდა შევყვეთ ამ გეგმებში. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება იმისთვის, რომ ჩვენთან არასდროს მოხდეს კურსის შებრუნება.", - აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.