პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახური არ არის და ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ სად იმყოფება

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახური არ არის და ჩვენთვის არ არის საინტერესო, ვინ სად იმყოფება

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახური არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ იმ განცხადებების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ირაკლი ალასანიას მივლინებაში ყოფნის დროს მისი თანამშრომლების დაკავება არასწორი იყო.

როგორც შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკას" განუცხადა, ალასანია არ წარმოადგენდა სისხლის სამართლის საქმეში მხარეს და, შესაბამისად, პროკურატურისთვის არ იყო საინტერესო სად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი.

"პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს პროტოკოლის სამსახური არ არის. ჩვენთვის თავდაცვის მინისტრი არ წარმოადგენდა ამ სისხლის სამართლის საქმეში მხარეს და, შესაბამისად, ჩვენთვის არ იყო საინტერესო თუ სად იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. გამოძიება გრძელდება, ყოველდღიური პროცესია და, შესაბამისად, გამოძიება ვერ წავა შვებულებაში და ვერ გაარკვევს, ვინ სად იმყოფება. როდესაც ჩადენილია დანაშაული და როდესაც პროკურატურა მოაგროვებს შესაბამის მტკიცებულებებს, ახდენს შესაბამის რეაგირებას და ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო ამ შემთხვევაში, ვინ სად იმყოფება და რას აკეთებს", - განაცხადა შოთაძემ.

მისივე თქმით, მთავარი პრკურატურის კომპეტენციას სცილდება იმის გარკვევა, თუ სად იმყოფება თავდაცვის მინისტრი. ამასთან, ირაკლი შოთაძე პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პოლიტიკოსებს სპეკულაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს პროკურატურა წარმოადგენს საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების ერთ-ერთ უმთავრეს რგოლს სასამართლოსთან და საგამოძიებო ორგანოებთან ერთად. ნებისმიერი ჩარევა მთავარი პროკურატურის საქმიანობაში ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით. მინდა მოვუწოდო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკოსებს, მოეშვან პოლიტიკურ სპეკულაციებს. თითოეული განცხადება, რომელიც მიმართულია პროკურატურის დაშინებისკენ, არის ჩარევა პროკურატურის საქმიანობაში, რომელიც არის დაუშვებელი, ეწინააღმდეგება კანონს და მათ უფლებამოსილებას", - აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ.