გვინდა კოალიციელ მეგობრებთან ერთად გაირკვეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე

გვინდა კოალიციელ მეგობრებთან ერთად გაირკვეს, რეალურად რასთან გვაქვს საქმე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, მიუღებელია ის ფორმები, რა ფორმითაც მოხდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება და ასევე ის კამპანია, რომელიც უწყების წინააღმდეგ მიმდინარეობს.

როგორც ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "თავისუფალ დემოკრატებს" არასდროს უთქვამთ, რომ თუ რაიმე კითხვები არსებობს, მას პასუხი არ უნდა გაეცეს.

"პირიქით, ჩვენ მომავალშიც ხელს შევუწყობთ ყველანაირად გამოძიებას. მაგრამ, დღევანდელი დილის მერე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს პროკურატურის მიერ მიზანმიმართულ პოლიტიკურ შეტევასთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა კოალიციის საბჭოს სხდომაზე გაირკვეს, ჩვენს კოალიციელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რეალურად რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე შეფასებით, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება, ასევე მიუღებელია თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის იმ ფორმით დაკითხვა, რასაც ადგილი ჰქონდა პროკურატურაში.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა განიხილებოდეს "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლის საკითხი, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ არ სურს მოვლენებს გაუსწროს. მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" იყვნენ, არიან და ბოლომდე დარჩებიან ერთგული იმ პრინციპების და ღირებულებების, რომელიც კოალიციას აქვს.

"ჩვენ ამისთვის არასდროს გადაგვიხვევია და ვერავინ იტყვის, რომ ერთი წამით მაინც გვერდზე გავმდგარვართ. არც არასდროს გადავუხვევთ, მაგრამ თუკი ვინმე გადაუხვევს, ეს მისი პასუხიმგებლობის საკითხი იქნება და არა "თავისუფალი დემოკრატების", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.