არის პირდაპირი მცდელობა თავდასხმის, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებაზე

არის პირდაპირი მცდელობა თავდასხმის, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებაზე

ერთი კონკრეტული უწყება, რომელმაც მიზანმიმართული შეტევა მიიტანა თავდაცვის სამინისტროზე, ეს არის პროკურატურა, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას საგანგებო ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, კოალიციის პოლიტსაბჭო აუცილებლად უნდა შეიკრიბოს და არსებულ ვითარებაზე იმსჯელოს.

"ჩვენ უნდა გავერკვეთ პოლიტსაბჭოზე. პროკურატურის დღევანდელი განცხადების შემდეგ ეს არის ცხადზე ცხადი, რომ არის პირდაპირი მცდელობა თავდასხმის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ უწყებაზე, რომელიც არის პირდაპირი რგოლი საქართველოსა და დემოკრატიულ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას შორის. საქართველოს თავდაცვის უწყების წარმატებებზე, რეფორმებზე და მის გამჭვირვალობაზე საუბრობენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების უმაღლესი დონის პირები და ამ დროს ჩვენ ვხედავთ, არის კასკადი აბსოლუტურად გაუგებარი და უსაფუძვლო ბრალდებების. ამ ყველაფერს უნდა მოეფინოს ნათელი. ამისთვის არსებობს პოლიტიკური საბჭო. ჩვენ გვინდა მოვისმინოთ პოლიტიკური პარტნიორებისგან შეფასებები და ხედვები", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, პოლიტსაბჭოს შემდეგ კოალიციასთან დაკავშირებით იქნება თუ არა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული, პეტრიაშვილმა განაცხადა: "ვიმსჯელებთ კოალიციაზე. უნდა გავერკვეთ, არც კოალიცია, არც თანამდებობა არ ღირს იმად, რაც არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი პრინციპი, უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, უსაფრთხოება და სტაბილურობა. პოლიტიკური საბჭო იმისთვის არსებობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი გაირკვეს პარტნიორებს შორის. ჩვენთვის ძალიან პრინციპულია და ყოველთვის იყო გადამწყვეტი და წყალგამყოფი, თუ რა პრინციპების, რა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ერთგულები იქნებიან ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. დაველოდოთ, ახლა საჭიროა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.