ირაკლი ალასანია არ დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს,

ირაკლი ალასანია არ დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, "თავისუფალი დემოკრატები" კი არ გავლენ კოალიციიდან

ვიზიარებთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის წუხილს, ვინაიდან ნამდვილად არის ძალიან რთული ვითარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის ირგვლივ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ საკითხი გაირკვეს, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება. "ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცუდ ფორმას იძენს. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ შესაძლებელი იქნება იმ ეჭვების გაფანტვა, რომელიც აღძრულია პირველ რიგში საზოგადოებაში, ასევე მთავრობასა და პარლამენტის შემადგენლობაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირაკლი ალასანია არ დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, "თავისუფალი დემოკრატები" კი არ გავლენ კოალიციიდან.

"ირაკლი ალასანია არ დატოვებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს და არც "თავისუფალი დემოკრატები" დატოვებენ კოალიციას, რადგან ჩვენ 2012 წლის არჩევნებში კოალიციურ რეჟიმში მივეცით პირობა ჩვენს ხალხს, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა შეგვესრულებინა საქართველოს წინაშე მდგარი ამოცანები. ასე რომ, არავინ არაფრის დატოვებას არ აპირებს. მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა შექმნილმა ვითარებამ, შესაძლოა, ძალიან ბევრ რამეს შეუშალოს ხელი. იმედი მაქვს, ის გარემოებები, რაც ახლა ყველანაირად აფერხებს ჩვენს წარმატებას, იქნება აღმოფხვრილი", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მას არანაირი საფუძველი არ აქვს, არ ენდობოდეს თავდაცვის მინისტრს და მის მოადგილეებს, რომლებიც დაკავებულ პირებს თავდებში უდგებოდნენ და მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულნი არიან. "არანაირი საფუძველი არ მაქვს არ ვენდო ალექსი ბატიაშვილის განცხადებას, რომ გუშინდელი დაკითხვის პროცესში იყო გარკვეული დარღვევა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.