პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში მთავრობა პორტფელს ვერ შეინარჩუნებს

პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში მთავრობა პორტფელს ვერ შეინარჩუნებს

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას აზრით, პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში მთავრობა პორტფელს ვერ შეინარჩუნებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ხოშტარიამ თავდაცვის მინისტრის საგანგებო განცხადების შეფასებისას განუცხადა, პროდასავლური გუნდი თავად არ უნდა წავიდეს კოალიციიდან, მაგრამ ირაკლი ალასანიამ ტაქტიკურად სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თამაში აღარ გააგრძელა და ღიად დაუპირისპირდა კოალიციის ერთ ნაწილს.

"თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს სამართლებრივად ვერ შევაფასებ, თუმცა ვერანაირად ვერ წარმოვიდგენ, რამ შეიძლება განაპირობოს უცებ ორი საქმის ერთდროულად წარმოება, მინისტრის არყოფნის პირობებში მაღალჩინოსნების დაკავება, ამიტომ აქ პოლიტიკური მოტივი ცალსახად ჩანს, თან ეს ემთხვევა "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას და გარკვეულ შიდაკოალიციურ, მაგრამ პოლიტიკურ მოძრაობებს. ამიტომ აქ არის სამი მსხვილი პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, ,იმიტომ რომ რითიც არ უნდა იყოს განპირობებული, ცალსახაა, რომ აღნიშნული გუნდის დასუსტება ასუსტებს მთლიანად პროდასავლურ ნაწილს კოალიციის; მეორე –არის დემოკრატიის პრობლემა, ანუ გრძელდება ის პოლიტიკური დევნა, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროში გენშტაბის უფროსის დაკავებით დაიწყო 2012 წელს და იმის შემდეგ პოლიტიკურ დევნაზე მთელი მსოფლიო საუბრობს; მესამე _ ეს არის ზოგადად, უსაფრთხოების პრობლემა, იმიტომ, რომ როდესაც თავდაცვის სამინისტრო ხდება ასეთი პოლიტიზირებული თამაშების ობიექტი, მით უმეტეს იმ საფრთხეების პირობებში, რომლის წინაშეც ვიმყოფებით, ეს დემორალიზებას ახდენს და აქვეითებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამ ფონზე, ხოშტარიას თქმით, "ძალიან სწორი იყო, რომ ირაკლი ალასანიამ აღარ გააგრძელა თამაში, დამალვა და პირდაპირ პოლიტიკურად დაუპირისპირდა გუნდს".

"ტაქტიკურად მე მგონია, რომ ძალიან სწორად მოიქცა. იმიტომ, რომ არის რაღაც პროდასავლური ნაწილი კოალიციაში და ეს გუნდი თავად არ უნდა წავიდეს, მაგრამ პოლიტიკური დაპირისპირება იყო აუცილებელი. რა თქმა უნდა, ასე ვერ გაგრძელდება, მთავრობა პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში პორტფელს ვერ შეინარჩუნებს, მაგრამ არის იგივე პრეზიდენტი, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით მკაფიოდ პროდასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციას აფიქსირებს. ამიტომ, ტაქტიკურად შესაძლოა სწორედ ეს ყოფილიყო სწორი ნაბიჯი, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ვერ გააჩერებს პოლიტიკური ბრძოლის პროცესს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის როლს ამ პროცესში, ელენე ხოშტარიას აზრით, ის უბრალოდ ფორმალური აქტორია იმ დაპირისპირებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და ალასანიას გუნდს შორის მიმდინარეობს.

"მე შეთქმულების თეორიებში ვერ წავალ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დაპირისპირებით ასუსტებენ პროდასავლურ ნაწილს იმ პირობებში, როდესაც ბევრია ან უორიენტაციო ან პირდაპირ რუსული ორიენტაციის მქონე გუნდები, ამიტომ შედეგის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ დღევანდელი უმრავლესობა ებრძვის პროდასავლურ გუნდს", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.