კაზინო VS მოთამაშე - „აჭარაბეთში“ მოგებული 76 000 ლარი კომპანიამ გამარჯვებულს არ გადასცა

კაზინო VS მოთამაშე - „აჭარაბეთში“ მოგებული 76 000 ლარი კომპანიამ გამარჯვებულს არ გადასცა

„საქართველოს მოქალაქე კახა მექვაბიძემ და მისმა ვაჟმა 19 ივნისს „აჭარაბეთის" ონლაინ-კაზინოში 76 000 ლარი მოიგეს. მათ ამის ამსახველი ვიდეომასალაც აქვთ.

მოთამაშემ „აჭარაბეთის" ოფიციალურ ვებგვერდზე, ე.წ ლაივრულეტკაში წარმატებას მიაღწია. კომპანიამ მას 20 000 ლარი იმდღესვე გადასცა. დამატებით 3 000 ლარი კი პლასტიკურ ბარათზე ჩაერიცხა. დანარჩენი თანხის მისაღებად მექვაბიძე მეორე დღეს დაიბარეს" - აღნიშნულ ინფორმაცია „ბიზნეს-კურიერის" ეთერში გაჟღერდა.

ინფორმაცია „რეპორტიორის" პუბლიკაციების მკითხველთათვის საინტერესო იქნება:

„მივდივარ და მეუბნებიან, დაბლოკილი ხარო. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ ვარ დაბლოკილი, მიპასუხეს, რომ ამხელა თანხა რომ მოვიგე, უნდა გაარკვიონ, თუ რა გზით მოვიგე იგი. დიდ თანხებს რომ ვაგებდი, იმას არავინ არკვევდა.

მითხრეს, 48 საათის მერე მივსულიყავი. ასეც მოვიქეცი. შემდეგ მითხრეს, რომ გარკვევას 1 თვე დასჭირდებოდა.  ერთი თვის შემდეგ რომ მივედი, მითხრეს, რომ აღნიშნული საქმე უნდა გამოეძიათ. მას შემდეგ 4 თვე გავიდა და პასუხი არ მაქვს", - აცხადებს კახა მექვაბიძე.

მოთამაშე „აჭარაბეთს" დარჩენილ 53 000 ლარს ედავება. ის, რომ მის ბალანსზე თანხა მართლაც ირიცხება, „აჭარაბეთის" სალაროში ადასტურებენ, მაგრამ  ფულს არ აძლევენ.

კახა მექვაბიძე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. მას მხოლოდ დაცვასთან უწევს საქმის გარკვევა. დაცვა კი განმარტავს, რომ ადმინისტრაციას ეჭვი თაღლითობაზე აქვს და ამ საკითხზე ქუთაისში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

კახა მექვაბიძე განმარტავს, რომ მას არავინ შეხმიანებია და არც დაკითხვაზე გამოუძახებიათ.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოს არცერთ განყოფილებაში აღნიშნული საქმე აღძრული არ არის.

კახა მექვაბიძე აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკანდახევას არ აპირებს.