ალექსანდრე კობაიძე: თუ პატიმარი ვერ იყიდის საკვებს, მშიერი რჩება

ალექსანდრე კობაიძე: თუ პატიმარი ვერ იყიდის საკვებს, მშიერი რჩება

„ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ„რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პენიტენციარულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ამ სისტემაში მდგომარეობა შედარებით უკეთესია, მაგრამ გარკვეული პრობლემები მაინც არსებობს, რაც ეხება საკვებსა და მედიკამენტებს.

„სამწუხაროდ, პატიმრებს არ აქვთ საშუალება, თანხის გარეშე მიიღონ საჭირო, აუცილებელი მედიკამენტები. იმედი გვაქვს, ხელმძღვანელობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დააფინანსებს ყველა იმ მედიკამენტს, რომელიც აუცილებელია. ყურადღებას გავამახვილებ კვებაზე, რომელიც კვლავაც პრობლემად რჩება. მოვუწოდებთ პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელობას - გააუმჯობესონ კვება. თუ პატიმარი ვერ იყიდის საკვებს, ის მშიერი რჩება. ე.წ. ბალანდა ცარიელი წყალია", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძე.

ამასთან, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია" მიმართავს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს - გამოიჩინოს კეთილი ნება და მისცეს ორგანიზაციას საშუალება, აწარმოოს მონიტორინგი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.