“თავისუფალი დემოკრატები” არიან ჩვენი პარტნიორები. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი გამჭვირვალედ და ღიად წარიმართება და გაქრება ყველა კითხვა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. ”- განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს რეპორტიორის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმესთან დაკავშირებით.
“ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება მათთან თანამშომლობის და გვჯერა თავდაცვის მინისტრის, რომელიც არის მყარად დარწმუნებული თავისი თანამშრომლების უდანაშაულობაში. ამ საქმეში არსებობს შეკითხვები პოლიტიკურ ნაწილზე და მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურ ნაწილსა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე კითხვები იქნება თუ არ იქნება, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გამჭვირვალედ წარიმართება ეს პროცესი და მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ გრიფი ადევს საქმეს, როდესაც პროკურატურის ზეწოლაზეა საუბარი და პროცედურულ დარღვევებზე, რა თქმა უნდა, კითხვები დარჩება და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვების გაქარწყლებისთვის, რომ არ იყოს მხარე პრემიერი. ჩვენი კოალიციური პარტნიორი, ირაკლი ალასანია, ერთ-ერთი ლიდერია კოალიციაში და ამ კოალიციის ყველა წევრი უნდა იყოს მზად იმისთვის რომ სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს პარტნიორ პარტიას კოალიციაში,”- აღნიშნა სამნიძემ.
ხათუნა სამნიძე: მე და დავით ზურაბიშვილი ქაქუცას ქუჩისთვის სახელის გადარქმევის დროს საკრებულოს სხდომას არ ვესწრებოდით
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრმა ხათუნა სამნიძემ, საკრებულოში, ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, არც თავად და არც დავით ზურაბიშვილი აღნიშნულ სხდომას არ დასწრებიან, შესაბამისად ხმის მიცემას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ.
„ჩემი ხელმოწერა იქ არ ყოფილა, საქმე ისაა, რომ სარეგისტრაციო და ხმის მისაცემ ბარათებს საკრებულოში იტოვებენ, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თითი დააჭიროს და ასე მისცეს ხმა“.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირს სახელი შეეცვალა და წმინდა ბერი გაბრიელის სახელი დაერქვა.
ხათუნა სამნიძე: პრემიერ-მინისტრი არ არის კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხარე.
“პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს მხარე. მის დაქვემდებარებაშია როგორც სამინისტრო, ასევე პროკურატურა. მისი განცხადება, რომ მაქვს კითხვები მინისტრთან, მე ვფიქრობ, რომ არასწორია. მას კითხვები არ უნდა ჰქონდეს მინისტრთან. კითხვები აქვს პროკურატურას, სასამართლოში გადავა ეს საქმე. პრემიერ-მინისტრი არ არის კითხვების დამსმელი და ბრალმდებელი. სწორედ ესეთი დამოკიდებულება ბადებს შეკითხვებს რომელიც არსებობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით ამ საქმეში” - მიიჩნევს სამნიძე.
ხათუნა სამნიძე: თუ პროკურატურა დაუშვებს შეცდომას, უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია.
“ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. ამიტომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა დაუშვებს შეცდომას და პროკურატურა იქნება ბრალეული იმაში, რომ არასწორად დაიწყო საქმე, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი”- განაცხადა ხათუნა სამნიძემ დღეს, 4 ნოემბერს „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.