გამოძიება თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს

გამოძიება თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს. როგორც მთავარ პროკურატურაში დღეს ჟურნალისტებს განუცხადეს, უწყება თავდაცვის სამინისტროსა და შპს "არქიტექტურულ ბიუროს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს სწავლობს. თავდაცვის სამინისტროს მიერ ამ ხელშეკრულებებსაც გრიფით "საიდუმლო" ადევს.

"საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას შპს "არქიტექტურულ ბიუროსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. შპს "არქიტექტურულ ბიუროსთან" გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს გრიფით "საიდუმლო" მინიჭენული აქვს თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ. გამოძიება სწავლობს აღნიშნულ საწარმოსთან უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერების საკითხს, იკვეთება შპს "არქიტექტუტულ ბიუროსა" და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის ახლო კავშირები და პირადი კონტაქტები", - აცხადებენ პროკურატურაში.

შპს "არქიტექტურულმა ბიურომ" ჩატარებულ ტენდერში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსზე რეკონსტრუქციების ჩატარების, კაპიტალური რემონტისა და უწყებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლება მოიპოვა.