თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების პროცესში, რომლის გამოც უწყების 5 თანამშრომელია დაკავებული, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ პროცესებში ჩართული იყო , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აქედან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიამ მას სთხოვა შეხვედრა და საუბარი სხვადასხვა თემებზე, მაგრამ, ძირითადი თემა იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა წინააღმდეგ წაყენებული ბრალი, რომელიც ეხება კონკრეტულ საქმეს შესყიდვების თაობაზე.
"მინისტრთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მან გარკვეული საკითხების თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ჩათვალა საჭიროდ. ამისთვის რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ. ეს იმიტომ, რომ პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში.
კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის მთავრობის ინიციატივით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე, ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა, პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე.
ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანავე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად ", -განაცხადა უსუფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი დაინტერესებულია, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს.
"ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით, თუ სხვა საშუალებებით, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით", -დასძინა უსუფაშვილმა.