ხულოს მუნციპალიტეტის სოფელ წაბლანაში 7 წლის გოგონას დღეს დილიდან მოვლითი ძლიერი ტკივილები დაეწყო.
პირველკლასელი გოგონას ნათესავები ამბობენ, რომ სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა დიდთოვლობის გამო ექიმები სოფელში ვერ მიდიან.
„ახლა ველაპარაკე სკოლის დირექტორს, სოფელში მცხოვრებ ერთ მასწავლებელს ავტომანქანა „ვილისი“ ჰყავს და როგორც მითხრა, მასწავლებელი შეეცდება ჩაგვაყვანინოს ბავშვი ცენტრის ამბულატორიამდე. ჯერ არ მოსულა, ველოდებით, ადრე ასეთი ტკივილები არასოდეს ჰქონია", - აცხადებს ბავშვის ახლობელი ნანული ბერიძე.
სოფელი წაბლანა სხალთის თემს, ანუ იმ ადგილს, საიდანაც ავტომანქანების მოძრაობა შესაძლებელია, 2 კილომეტრით არის მოშორებული, ხოლო ხულოს ცენტრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარეობს.
იმის გამო, რომ მთელი ღამე თოვდა, სოფელში მისასვლელი საცალფეხო გზაც კი არ არის.