უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების დაკავების საქმეს სწავლობს

უჩა ნანუაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების დაკავების საქმეს სწავლობს

სახალხო დამცველს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტების გაცნობის უფლება აქვს და საქმეს სწავლობს , - ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნული საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მასალების გაცნობის შემდეგ სახალხო დამცველის აპარტი წარმოადგენს საკუთარ დასკვნას ამ საქმეზე.

" საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა. გამოთხოვილი გვაქვს მასალები, რისი გაცნობის შემდეგაც ჩვენ წარმოვადგენთ დასკვანს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ჩავერთოთ ამ პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ადევს გრიფი "საიდუმლო", ომბუდსმენს აქვს წვდომა ამ მასალებზე. ჩვენთვის ამ მასალების გაცნობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მან კომენტარი გააკეთა გუშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით ადვოკატის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, დაკითხვის დროს დარღვევები გამოვლინდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება დაკითხვის პროცესთან დაკავშირებით.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 5 თანამშრომელი. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აპირებს, რომ უახლოეს დღეებში გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებს პირადადაც შეხვდეს.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

ამ საკითხზე მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის დაკითხვა გუშინ თითქმის 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.