ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი შემცირდა

ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების ტარიფი შემცირდა

ენერეგტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მოსახლეობას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება გააცნო.

დადგენილების მიხედვით ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების  შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრიორიტეტია საქართველოს მასშტაბით რეგიონების გაზიფიცირება და მთავრობა დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში მოქალაქეებს ჰქონდეთ კომფროტისის საწყისი პირობები, რაც აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შემცირება, საქართველოში მცხოვრები ოჯახებისთვის, ბუნებრივ აირზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტარიფი გავრცელდება გაზიფიცირებულ დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში, განაწილების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში.

ცვლილება მიზნად ისახავს ბუნებრივი გაზის სექტორში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების განუხრელ დაცვას. ამასთან, გაუმჯობესდება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური სამუშაოების ხარისხი და მის მოვლა–პატრონობაზე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას დაეკისრება.