„არ მგონია, ევროპაში „სახალხო პარტიაზე“ იყოს ყველაფერი დამოკიდებული

„არ მგონია, ევროპაში „სახალხო პარტიაზე“ იყოს ყველაფერი დამოკიდებული"

როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ევროპის „სახალხო პარტიის“ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია.

მისივე თქმით, თუ კი არ მოხდება მათი დასჯა, შესაძლებელია, რომელიმე მაღალჩინოსანმა ახალი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური დანაშაული ჩაიდინოს.

„მე არ მგონია „სახალხო პარტიაზე“ იყოს დამოკიდებული ყველაფერი ევროპაში. იცით ევროპულ ქვეყნებს ჩვენთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულებაც აქვთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს უახლოეს მომავალში გახდეს იმ დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. რაც შეეხებათ ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისინი არიან ჩვეულებრივი დამნაშავეები. თუ ჩვენ თვალი უნდა დავხუჭოთ იმ ადამიანების ჩადენილ დანაშაულზე, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობეს იკავებდნენ, მაშინ, მე არ გამოვრიცხავ, რომ დღეს, ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც ანალოგიური გააკეთონ ჩვენმა მაღალი თანამდებობის პირებმაც. კანონის წინაშე ყველა ერთია“, - განაცხადა კალაძემ.

ევროპის „სახალხო პარტიის“ წევრების განცხადებით, თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება, ისინი საქართველოს ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარს არ დაუჭერენ.