გურიაში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

გურიაში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად გურიაში რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. გაითიშა ელექტროენერგია და პრობლემები შეექმნა ინფრასტრუქტურასაც. სტიქიამ, სოფელ ნაგომარში მცხოვრები თამაზ მარკოიძის ოჯახი დააზარალა, ჩამოიშალა საცხოვრებელი სახლის აივნის ნაწილი.

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის გამო მწყობრიდან გამოვიდა 35 კილოვატიანი გადამცემი ხაზი. მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს - გურიანთას, მერიას, კონჭკათს და ხვარბეთს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებოდა. გურიის მხარის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ, შესაბამისს სამსახურებთან ერთად ჩოხატაურსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემური ადგილები მოინახულა.

გიორგი ჩხაიძემ ოზურგეთში გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე გზის ჩამოშლილი ტერიტორია დაათვალიერა. უკვე მოგვიანებით კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაზიანებული ადგილების დასათვალიერებლად და ვითარების ადგილზე გასაცნობად ჩავიდა.

"აღნიშნული სტიქიით ყველაზე მეტად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. კოკისპირული წვიმის გამო სოფელ ერკეთში, დედათა მონასტრისკენ მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც, იქ მცხოვრებ ოთხ ოჯახს საფრთხე შეექმნა და ამ ოჯახთა ევაკუირება გახდა აუცილებელი. მთავარია, რომ აქ მცხოვრები ადამიანები საფრთხეს ავარიდეთ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ოჯახები დროებით ახლობლებთან დაგვებინავებინა. ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები დღეიდან შეისწავლიან," - განაცხადა გუბერნატორმა.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა და აღდგენითი სამუშაოები ინტესიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია გურიის მხარეში შემავალ ყველა სოფელს მიეწოდება.