სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეერთებაზე მთავრობა იმსჯელებს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სასჯელაღსრულების სამინისტროსთან შეერთებაზე მთავრობა იმსჯელებს

ჯერ უცნობია, როდის შეუერთდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტი სასჯელაღსრულების სამინისტროს. აღნიშნული ცვლილების შესახებ მოსაზრება სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა დაახლოებით ერთი თვის წინ გამოთქვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში განუცხადეს, ინიციატივის განხორციელების ვადები დამოკიდებულია მთავრობის პროცედურებზე. კერძოდ, დეპარტამენტის ხელმძღვანელის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მოამზადა, თავდაპირველად გაეგზავნა სხვადასხვა უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე უცხოელ პარტნიორებს.

"მათგან უკვე მივიღეთ შენიშვნები, მოხდა მათი დამუშავება და ნაწილის გაზიარება. უახლოეს დღეებში მინისტრი ცვლილებების პროექტს წარადგენს მთავრობაში, რათა მოხდეს მისი პარლამენტში ინიცირება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, სამინისტრო იქნება ერთიანი უწყება, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ყველაფერზე.  დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სამინისტროს დაქვემდებარებაში გაერთიანდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბიუჯეტი, რაც ამ დრომდე ცალკე განისაზღვრება.

რაც შეეხება დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, შალვა ხუციშვილის თქმით, ამ კუთხით ის კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან მის კომპეტენციაში არ შედის.