ირაკლი ალასანიამ გვერდზე უნდა გადადოს წყენა და საქმიანობა გააგრძელოს

ირაკლი ალასანიამ გვერდზე უნდა გადადოს წყენა და საქმიანობა გააგრძელოს

ირაკლი ალასანიამ გვერდზე უნდა გადადოს გაჩენილი წყენა და გააგრძელოს თავისი საქმიანობა, - ამის შესახებ "ტელეიმედის" ეთერში თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრს უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში დიდი როლი აკისრია. "მე პირადად მივიჩნევ, რომ ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მან ამ შემთხვევაში გვერდზე უნდა გადადოს, თუნდაც, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე. უელსის სამიტის შედეგად ჩვენ მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ და მისი იმპლემენტაციის პროცესში ირაკლი ალასანიას დიდი როლი აკისრია", - განაცხადა ალასანიამ.

რაც შეეხება იმას, უნდა მომხდარიყო თუ არა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავება მაშინ, როცა მინისტრი მივლინებით საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სესიაშვილის შეფასებით, აღნიშნულიც ადასტურებს, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

"ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეიძლება არ ჩანდეს ლამაზად, რომ დააკავო მაღალჩინოსნები მაშინ, როცა მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთსა და გერმანიაში, შეიძლება ეს მომგებიანი არ ყოფილიყო, მაგრამ ამით ხაზს ვუსვამთ და ვაანალიზებთ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და მას ჩვენ გრაფიკს ვერ დავუყენებთ, ესა თუ ის მინისტრი უცხოეთში იმყოფება და ესა თუ ის საქმე გააჩერეთთქო. პოლიტიკურად მოტივირებული ის იქნებოდა, რომ პროკურატურა მის საქმეს პოლიტიკურ სპექტრს დაკითხოდა", - აღნიშნა სესიაშვილმა.