"ოდეერების" ინსტიტუტი ემყარება ბრძანებას, რეგლამენტს და წესებს

"ოდეერების" ინსტიტუტი ორდინალური საკითხია, რომელიც ემყარება ბრძანებას, რეგლამენტს და წესებს. ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი სახელმწიფო უწყებებში შინაგან საქმეთა სამინისტროს "ოდეერების" საქმიანობის თაობაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას.

დეპუტატი "ოდეერების" საქმიანობაში მიუღებელს ვერაფერს ხედავს. "ოფიცერი, რომელიც თავის დაწესებულებაში იღებს ხელფასს, არ არის ჩუმად მოთვალთვალე და მოქმედი პირი, ის აბსოლუტურად ღიად პასუხისმგებელია იმაზე, რომ კონკრეტული დაწესებულების ინფორმაცია, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება, იყოს დაცული. ეს მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი არ არის. არის ქვეყნები, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებში ამ მიმართულებით საგანგებოდ მივლენილი ადამიანები მუშაობენ", - განაცხადა საკითხის კომენტირებისას გია ვოლსკიმ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ე.წ. ოდეერების შესახებ მორგ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც თბილისის მერიის და მთავრობის კანცელარიის თანამშრომლებიც მოხვდნენ.

როგორც ორგანიზაციის კველვაშია აღნიშნული, საბჭოთა კავშირის დროს "ოდეერებს" სხვადასხვა უწყებებში უშიშროების სამინისტრო ნიშნავდა. ეს პრაქტიკა ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში შენარჩუნდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდშიც გრძელდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამჯერად კიიდევ სამი ე.წ. ოდეერის შესხებ ავრცელებს ინფორმაციას. მათივე ინფორმაციით, "ოდეერია" დანიშნული თბილისის მერიაში. არჩილ ბებიაშვილი თბილისის ახლად არჩეული მერის, დავით ნარმანიას ადმინისტრაციის აპარატში მრჩევლის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ე.წ. "ოდეერია" პაატა ჯაჭვაძე, რომელიც 2013 წლის 16 სექტემბრიდან საქართველოს კანცელარიის უფროსის მრჩეველია უშიშროების საკითხებში.

ე.წ ოდეერებს შორის მოხვდა გიორგი გამსახურდია, რომელიც უსაფრთხოების საკითხებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მრჩევლად მუშაობს.