როგორც არ უნდა დასრულდეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმე, მას

როგორც არ უნდა დასრულდეს თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმე, მას "ტრაქტორების საქმის" ანალოგიური დასასრული ვერ ექნება

როგორც არ უნდა დასრულდეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე, მას "ტრაქტორების საქმის" ანალოგიური დასასრული ვერ ექნება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

დეპუტატის შეფასებით, საქმეზე ძალიან მკაცრად უნდა აგოს პასუხი ყველამ, იმის მიხედვით, საბოლოო ჯამში ვინ აღმოჩნდება მართალი და მტყუანი. ამასთან, ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმის თქმის არავითარი საფუძველი არ აქვს, რომ რაიმე პრობლემა შეიძლება "თავისუფალ დემოკრატებთან" მიმართებით არსებობდეს.

"თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებთ ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რაც პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ჩვენთვის ეთქვა. ძალიან კარგად ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეში, გასაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ თემას ეხება, ნებისმიერ პატარა "აი, ეს წინადადება ბოლომდე არ გითხარი"-ს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა. ამიტომ სანამ საჯარო არ გახდება და მეტი არ გვეცოდინება, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიტყვით – არის თუ არა აქ კავშირში პოლიტიკა, ვინმეს სხვა ინტერესი აქვს თუ არა, ეს არის შეუძლებელი. მეორეს მხრივ, ნამდვილად ვერ ვხედავ, "თავისუფალ დემოკრატებთან" რაიმე პრობლემის არსებობას. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, არც ერთი მიზეზი და საფუძველი არა მაქვს, რომ ეს ვთქვა. რა თქმა უნდა, უამრავი კითხვა მაქვს, უამრავი საკითხია საქმესთან დაკავშირებით, სხვა თემებიც მახსოვს ყველა ხელისუფლების დროს, ამიტომ საქმეზე მეტ საჯაროობას მშვიდად ველოდები. ვარ იურისტი, დიდი ხნის განმავლობაში სისხლის სამართლის მიმართულებით ვმუშაობდი და ამიტომ საჯაროობას მოთმინებით დაველოდები და დასკვნებს ამის შემდეგ გავაკეთებ. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რაც უკვე ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის მხრიდან – როგორც არ უნდა დასრულდეს საქმე, მას "ტრაქტორების საქმის" დასასრული ვერ ექნება. ეს არის შეუძლებელი, ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის მიუღებელი. საქმეზე ძალიან მკაცრად უნდა აგოს პასუხი ყველამ, იმის მიხედვით, ვინ აღმოჩნდება საბოლოო ჯამში მართალი და მტყუანი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა.