"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, არგუმენტაცია, რომელიც პრემიერთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ წარმოადგინა, უწყების დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე "ბევრ კითხვას არ ბადებდა".
ამის შესახებ დოლიძემ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ოფისში "თავისუფალი დემოკრატებისა" და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი განმარტებით, თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციაზე პრემიერის პოზიცია იყო ის, რომ საქმეს შეისწავლის. "რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი. თავდაცვის მინისტრისგან წარმოდგენილი იყო დამატებითი არგუმენტები, როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი. პრემიერი დაგვპირდა, რომ მათ შეისწავლის", - აღნიშნა დოლიძემ.
დეპუტატის ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატივა პრემიერს ეკუთვნოდა, თუმცა ამის სურვილი ორივე მხარეს გააჩნდა.
თავად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.