ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომელთა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი არგუმენტები წარმოგვიდგინა და ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ ამ არგუმენტებს ყურადღებით გაეცნობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა "თავისუფალი დემოკრატებისა" და პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მათ კოალიციის ყოველდღიური საქმიანობა განიხილეს. "შევეხეთ, ბუნებრივია, იმ გახმაურებულ თემასაც, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანთან. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა. ირაკლი ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ ამ არგმენტებს ყურადღებით გაეცნობა", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე, რომელიც 8 ნოემბერსაა დანიშნული და რომელსაც, სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.