დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს ნილს სკოტს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაცნიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
„გაეროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული აგრარული სექტორის განვითარების მხარდაჭერის პროცესში. ეს მხარდაჭერა არის მზარდი და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა ნილს სკოტმა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებული პროექტი „საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია“. პროექტის მენეჯერმა, რუდიგერ ჰაინინგმა დეტალურად ისაუბრა პროექტის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
„დღეისათვის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება დარგის პოპულარიზაცია და სექტორში ახალგაზრდების მოზიდვა. საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სრულიად უფასოდ დაეუფლონ აგრარულ პროფესას“, - განაცხადა შეხვედრაზე ოთარ დანელიამ. მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს აგრარული განათლების მიღების მსურველ სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო-გაცვლით პროგრამაში.