ირაკლი ალასანიას გადადგომის საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, შეხვედრას დაესწრება თავად პარტიის ლიდერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მისი ინფორმაციით, შეხვედრა კოალიციის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გაიმართება.
"საუბარი შეეხება პოლიტიკური დღის წესრიგის ყველა ძირითად თემას", - განაცხადა პეტრიაშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა განხილული თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საკითხი. მისი თქმით, ზუსტად არ იცის იმ საკითხთა განრიგი, რაც შეხვედრის დღის წესრიგშია შესული.
რაც შეეხება საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნას, პეტრიაშვილის შეფასებით, ეს რაც მალე მოხდება, საქმე მით სწრაფად დასრულდება.