ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია მთავრობის ხელში გადადის

ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია მთავრობის ხელში გადადის

მთავრობამ პარლამენტს "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონის პროექტი წარუდგინა. პროექტის მთავარ ნოვაციას პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყების კომპეტენციათა კანონის დონეზე გაწერა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებისგან გამიჯვნა წარმოადგენს.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია საბჭოს ფარგლებში მოხდება, რასაც აქამდე ახორციელებდა პრეზიდენტი, როგორც აღმსარულებელი ხელისუფლების მეთაური და აკეთებდა ეროვნული უშიშროების საბჭო.

"კანონპროექტის მთავარი არსი არის ის, რომ სახელწიფოში არსებობდეს ნორმატიული ბაზა, რომელითაც უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა მოხდება. ეს ერთადერთი კანონი იქნება, სადაც ასახული იქნება ყველა ის საფრთხე, რომლსაც სახელწიფო აღიქვამს ეროვნულ საფრთხედ. ამ მიმართულებით პოლიტიკის დაგეგმვაზე, კოორდინაციაზე ფუნქციას განახორციელებს კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო. მთავრობა აქამდე ამ უფლებამოსულებით აღჭურვილი არ იყო. კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა საჭირო გახდა მსგავსი სტრუქტურის შექმნა და ყველა ამ პროცესის საკანონმდებლო დონეზე გაწერა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ.