ალექსი ბატიაშვილი

ალექსი ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი"სილქნეტის" ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია. ამის შესახებ ბატიაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.

ბატიაშვილი პროკურატურის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

"მოწმის სახით ვარ დაბარებული. სავარაუდოდ, შეკითხვები აქვს პროკურატურას. მზად ვარ შეკითხვებს გავცე პასუხის", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი კომპანია "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმის მასალებში იკვეთება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს სწორედ ბატიაშვილი.

"ამავე დროს, ალექსი ბატიაშვილი "სილქნეტის" ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია. შესაბამისად, არსებობს გარკვეული კითხვები და ბუნებრივია, ჩვენ ამ კითხვებს დავსვამთ", - აღნიშნა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების საქმეზე სამინისტროს ხუთი თანამშრომელია დაკავებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს.

თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებს კომპანია "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ ბრალად.